18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით დაიწყო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების წევრებს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღის სიტყვით გამოსვლა სურდათ, თუმცა საბჭოს თავმჯდომარე გიგო ჩხარტიშვილმა მათ უფლება არ  მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

მრჩეველთა საბჭოს განმარტებით სხდომას 100 ადამიანი ესწრება და ყველას სიტყვით გამოსვლის საშუალებას ვერ მისცემენ. 

ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ამბობენ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლება არის ჩარეული და ადამიანებს დევნიან. მიაჩნიათ, რომ ახლად არჩეული დირექტორი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პოლიტიკური პარტიების წევრები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.
მოქალაქეთა ნაწილი ალტერნატიული პროფკავშირების სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგი იყო, რასაც სხდომაზე დამსწრეებს შორისაც დაპირისპირება მოჰყვა.

მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ახალი საშტატო განრიგი უნდა დაამტკიცონ.

დღის ამბები