18 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"იმდენად ეშინიათ ჟურნალისტების, რომ საკუთარი ლანდების უკან იმალებიან" - ხმაური აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ბორდის ხმაურიანი სხდომის შესახებ თანამშრომლების მხრიდან განცხადებები გაკეთდა. მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი საშტატო განრიგის ცვლილებაა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

თანამშრომლები დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. საუბარია ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმებაზე. მათ შორის, ცვლილებები ეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს.   

"ერთი გვერდია. მესამე კლასში რომ მაწერინებდნენ, როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები, უფრო მოცულობით და ღრმა დოკუმენტებს ვწერდი, ვიდრე განმარტებით ბარათია წარმოდგენილი დღევანდელ საკითხთან დაკავშირებით. იქ წერია, რომ დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ამ ადამიანებს გადანიშნავს, თუ არა. არ არის ეს ტელევიზია არც დირექტორის და არც ბორდის, ხალხისაა," - ამბობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მალხაზ რეხვიაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე სხდომის მიზანმიმართული ჩაშლის მცდელობაზე საუბრობს.

"სრულიად უწყინარი რამ ითხოვა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით უნდოდა სამწუთიანი განცხადების გაკეთდება, ამის საშუალება რა მისცა თავმჯდომარემ და სწორედ ამას მოყვა ხმაური. ჩვენ ვიხილეთ ისეთი ძალები ამ დარბაზში, რომლებსაც უნდოდათ ალბათ, რომ ჩაშლილიყო სხდომა," - ამბობს მაია მერკვილაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირინა ყურუა მცდელობაა იმისა, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა განადგურდეს. 

"როგორც ვხედავ, იყო ფორმალობა მთავარი. იმიტომ რომ საბოლოოდ დააკანონონ ის უსამართლობა, რომელიც საბოლოოდ გააცამტვერებს და გაანადგურებს აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას. იმდენად ეშინიათ დღეს ჟურნალისტების, რომ საკუთარ ლანდებს უკან იმალებიან. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს არ მოგვცეს სათქმელის თქმის საშუალება," - განაცხადა ირინა ყურუამ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხმაურით მიმდინარეობს ბორდის სხდომა. საბჭო ახლა იმ სტრატეგიას განიხილავს, რომელმაც ტელევიზიის სამომავლო გეგმები, მათ შორის საშტატო ცვლილებები უნდა განსაზღვროს. შეხვედრას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, დირექტორი, ჟურნალისტები, არასამთავრობოები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან. დაპირისპირება კი სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროფკავშირმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

დღის ამბები