18 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
სამი თვეა ერთი და იგივეს იმეორებენ, ფაქტი მანახეთ... მოსალოდნელმა საფრთხეებმა უკვე დამღალეს - კოხრეიძე ჟურნალისტების პროტესტს პასუხობს

"სულ მოსალოდნელ საფრთხეებზეა საუბარი და ჯერჯერობით, არც ერთი არ გამართლებულა" - ეს განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ტელევიზიის თანამშრომლების პროტესტის საპასუხოდ გააკეთა. გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რაზეც თანამშრომლები მიუთითებენ. 

"სამი თვეა ერთი და იგივეს იმეორებენ, მაგრამ მანახეთ ფაქტი რა... მოსალოდნელმა საფრთხეებმა უკვე დამღალეს.... სულ მოსალოდნელ საფრთხეებზეა საუბარი და ჯერჯერობით, არც ერთი არ გამართლებულა. ასე არ გამართლდება დღევანდელი საფრთხეც. აგერ ნახავთ თქვენ ძალიან მალე. უბრალოდ, ადამიანები არიან ანგაჟირებულები," - ამბობს გიორგი კოხრეიძე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი სოსო სტურუა ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭოს არ მიეცა საშუალება, რომ სხდომა ისე დაწყებულიყო, როგორც ეს დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული. 

"მრჩეველთა საბჭოს არ მიეცა საშუალება, დღის წესრიგით დაეწყო სხდომა, დღის წესრიგთან დაკავშირებით გვქონდა დამსწრეს განცხადება, თუმცა დღის წესრიგში არის ოთხი საკითხი და ნებისმიერ საკითხზე, მომხსენებლის შემდეგ ყველას შეუძლია გამოსვლა," - განაცხადა სოსო სტურუამ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით დაიწყო. მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი საშტატო განრიგის ცვლილებაა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

თანამშრომლები დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. საუბარია ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმებაზე, მათ შორის ცვლილებები ეხებათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს.   

დღის ამბები