"მოაშორე ბიძინა ბინძური ხელები ჩემს ტელევიზიას", "ტელევიზია ხალხის ხმა" - ამ ლოზუნგებით ბათუმში ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად აქცია გაიმართა.
სამოქალაქო მოძრაობა "ალტერნატივა" მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. მათი შეფასებით, პროცესი ხელისუფლების მართულია და მოუწოდებენ მრჩეველთა საბჭოს, შეწყვიტონ თავისუფალი სიტყვის დევნა.
"ჩვენ მოვედით აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ თავისუფალი, ისინი ქმნიან დღეს თავისუფალ სიტყვას და არიან ხალხის ხმა. ტელევიზია აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს ხალხის ხმას და არა რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას," - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა "ალტერნატივას" ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით დაიწყო. მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი საშტატო განრიგის ცვლილებაა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
თანამშრომლები დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება. საუბარია ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმებაზე, მათ შორის ცვლილებები ეხებათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს.