აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სხდომა ერთი საათის წინ, შესვენების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდა. მრჩეველთა საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც ჟურნალისტების პოზიციას იზიარებენ, დირექტორისგან აინტერესებდათ, რის საფუძველზე არის შედგენილი სტრატეგია, რომელიც შტატების გაუქმებასაც ითვალისწინებს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, გია ქარცივაძე ამბობს, რომ დღეს არ არსებობს არანაირი საფუძველი, მრჩეველთა საბჭო დირექტორის მიერ წარმოდგენილ პროექტს დაეთანხმოს.
"არც ერთი მიმართულებით გაკეთებული არ არის ანალიზი, რა მოხდება შემდეგ, ეს არ აქვს დირექტორს წარმოდგენილი პროექტში და საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენოს მრჩეველთა საბჭომ კონკრეტული თანამდებობის შრომითი ურთიერთობები," - ამბობს გია ქარცივაძე.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს კი რჩება შთაბეჭდილება, დირექტორს მისი პოზიციის გაუქმება სურს.
"ის ამბობს, რომ უნდა ვენდოთ სიტყვაზე და მომავალში მოიფიქრებს, რა შემომთავაზოს. ამ საჯარო განცხადებების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ იქნება ეს შემოთავაზება ისეთი, როგორსაც საზოგადოება ელოდება და ვფიქრობ, აქ კარგად გამოჩნდა დირექტორის სურვილი, ჩემი პოზიცია გააქროს მხოლოდ იმიტომ, რომ მე მას ხელს ვუშლი თავისი მიზნების განხორციელებაში და რა იქნება შემოთავაზება, ამასაც კარგად ვხვდები, ეს იქნება უფუნქციო რედაქტორი,“ - განაცხადა მაია მერკვილაძემ.
განცხადება გააკეთა თავად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ.
"ყველა ნაბიჯი წინასწარ იყო ჩაშლილი. ორშაბათს, თუ როცა იქნება, რა დღესაც მომაწვდიან, აი ის აპოკალიფსის დამხატველები, მიხვდებიან, რომ ტყუილად ხდებოდა ეს ყველაფერი. სამი თვეა ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი ხმა არ ისმის,“ - ამბობს გიორგი კოხრეიძე.