ფემიციდის მზარდი სტატისტიკა საქართველოში გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა შეაფასა. როგორც ლუიზა ვინტონი ამბობს, დანაშაულის პრევენცია დამნაშავის საპატიმროში გამოკეტვა არ არის. გაეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე მსჯელობა და საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყოს.
ლუიზა ვინტონი ამბობს, რომ ასეთი ასაკი არის ბაღის ასაკი, სადაც პედაგოგები არაძალადობრივ გარემოზე და თანასწორობის იდეაზე ისაუბრებენ.
"ვფიქრობ, რომ ამ საკითხს, გარკვეულწილად, ხარისხობრივი მიდგომა სჭირდება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოროტმოქმედი ციხეში ჩავსვათ, გამოსავალი არ არის.
რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბარი უფლებები იყოს. ეს აღტკინება, საშინელი სიბრაზე, რომელიც შესაძლოა ეჭვიანობისგან იყოს გამოწვეული, სწორედ ამ თანასწორობის პრინციპის დამკვიდრების შედეგად უნდა აღმოიფხვრას," - აცხადებს ლუიზა ვინტონი.
ფემიციდის შესახებ ჩანაწერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ასეთი ჩანაწერი გაჩნდეს, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ სტატისტიკა გახდება ცნობილი თუ რამდენი ქალი მოკლეს საქართველოში სწორედ გენდერული მიზნით.