მეშახტეების პროტესტი ტყიბულში გრძელდება. ცოტა ხნის წინ, მოთხოვნებს ინვესტორმა უპასუხა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა კომპანიაში დასაქმებულების რაოდენობა შემცირდეს.
მიხეილ სოცკი აღნიშნავს, რომ ძიძიგურის შახტიდან, მინდელის შახტში თანამშრომლების გადაყვანა, სწორედ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.
კომპანიის Coal of Georgia დირექტორი ამბობს, რომ არ იგეგმება თანამშრომლების შემცირება და ამწე-ნაგებობის რეაბილიტაციის გამო, ისინი დროებით გადაყვანილები იქნებიან მინდელის სახელობის შახტში. სოცკის თქმით, შესაბამისად, არც სახელფასო კუთხით შეიქმნება რაიმე სახის პრობლემა.
"დილიდან, პროფკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განვიხილეთ შექმნილი მდგომარეობა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში, პუნქტობრივად გავარჩიეთ ყველა საკითხი. ვაცნობეთ ჩვენი პოზიცია და მოვისმინეთ მათი. ძიძიგურის შახტში გეგმიური რემონტი მიმდინარეობს, რაც ამხელა ყურადღებას არ საჭიროებს. იყო მიღებული გადაწყვეტილება, ძიძიგურის შახტში ამწე-მექანიზმის მუშაობის გეგმიური შეჩერების თაობაზე. კიდევ ვიმეორებ, მუშები დროებით არიან გადაყვანილი მინდელის შახტში და მათი სამსახურიდან გათავისუფლება არ იგეგმება," - განაცხადა მიხეილ სოცკიმ.
ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი პროტესტს აგრძელებს. მათი თქმით, არ შეწყვეტენ პროტესტს იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დასაქმებულები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, მეშახტეები საკუთარ საქმიანობას, ძიძიგურის ნაცვლად, მინდელის სახელობის შახტში გააგრძელებენ.
მეშახტეების პროტესტს პროფკავშირებიც შეუერთდნენ.