ცოლ-ქმარი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ინფექციურ საავადმყოფოში სხვა მგზავრების მოთხოვნით გადაიყვანეს, კლინიკიდან გაწერეს.
მედიკოსების თქმით, ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსის არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.
"4 პაციენტის ზოგადი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია, მათგან მხოლოდ ერთს უგრძელდება ტემპერატურა 37.5 გრადუსის ფარგლებში. გუშინვე ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა ფილტვის ანთება. სხვა კლინიკური მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. ტესტის საბოლოო პასუხი კი, დღის ბოლომდე იქნება. ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელიც გუშინ ჩვენთან რკინიგზის სადგურიდან მოიყვანეს, ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. არც ხველა, არც სუნთქვის უკმარისობა და არაფერი საეჭვო არ ვლინდებოდა. აქედან გამომდინარე, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩაითვალა და ამიტომ გავწერეთ საავადმყოფოდან," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი იმყოფება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. მასზე ჩატარებულმა პირველადმა გამოკვლევებმა, კორონავირუსის არსებობა არ დაადასტურა, თუმცა, მას ამ დრომდე აღენიშნება ტემპერატურა.
"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, არსებითი გართულებების გარეშე, თუმცა დღის მანძილზე ტემპერატურული რეაქცია ჰქონდა. ჩვენთან ის მოთავსებულია, როგორც მწვავე ვირუსული ინფექცია. ჩავუტარეთ კვლევები გრიპზე და სხვა ვირუსულ ინფექციაზე მათ შორის კორონავირუსზე. კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა, დღეს კი პასუხს ველოდებით," - აღნიშნა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ინფექციონისტმა, ნესტან ჭეიშვილმა.
ცოლ-ქმარი საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდა. შანხაი მათ დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვეს. ამ დროისთვის, სულ 4 პირი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის, ერთი ქართველი, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა და ირანის 2 მოქალაქე.