18 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
რამდენიმე ადგილზე დასაქმებული პირები და გაკოტრების პირას მისული საწარმოები - აუდიტის კრიტიკული დასკვნა ბათუმის მერიის შპს-ებზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული 49 შპს-ს საქმიანობის შესახებ კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს. მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს მერიის ბაზაზე არსებული შპს-ების უმრავლესობის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.

აუდიტის კრიტიკის საფუძველი ბათუმის მერიის მხრიდან მის ბალანსზე რეგისტრირებული შპს-ების არაეფექტური კონტროლთან ერთად, მათ ნაწილში არსებული აუხსნელი საშტატო ერთეულებისა და დაუსაბუთებელი საბიუჯეტო ხარჯების არსებობა გახდა.

დასკვნაში საუბარია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორზე, რომელიც ამავდროულად ფინანსური მენეჯერის თანამდებობას ითავსებს და ყოველწლიურად ანაზღაურების სახით ხელფასზე 27 ათასი ლარი ემატება. მაკონტროლებლისგან განსხვავებით, ორი ფუნქციის ერთდროულად შეთავსებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს თავად საავადმყოფოს დირექტორი.

საავადმყოფოს დირექტორის მსგავსად, აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება ბათუმის სარაგბო კლუბის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირი ერთდროულად მწვრთნელის, მასაჟისტის და დაცვის უფროსის თანამდებობაზე დაასაქმა. ზვიად უნგიაძის თქმით, დასაქმებული დღის პირველ ნახევარში დაცვის ფუნქციას ასრულებდა, მეორე ნახევარში კი მორაგბეებს წვრთნიდა და სპორტულ მასაჟსაც უკეთებდა. უნგიაძე არ უარყოფს, რომ დასაქმებულს არც ექიმის და არც სამწვრთნელო სერთიფიკატი არასდროს ჰქონია.

აუდიტის დასკვნა ქალაქის ბიუჯეტის ფლანგვის ფაქტს ადასტურებს - ასე აფასებს ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში არსებულ მდგომარეობას. ოპონენტები კორუფციაზე საუბრობენ და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვენ.

რატომ ზარალობს მილიონობით ლარს ბათუმის მერიის შპს-ების უმრავლესობა და რატომ ირიცხება მერიის ბალანსზე ოცამდე გაკოტრების პირას მისული და გაკოტრებული საწარმოები - ამ შეკითხვაზე პასუხი დღეს ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის არცერთმა წევრმა არ ისურვა. ბათუმის ვიცე-მერი კი ამტკიცებს, რომ აუდიტის სამსახურის კრიტიკა უსაფუძვლოა და აღმასრულებელი ხელისუფლება საწარმოების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

დაიწყება თუ არა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე ბათუმის მერიის საქმიანობის სამართლებრივი შესწავლა, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ მაკონტროლებელმა მის მიერ მოპოვებული ყველა საეჭვო დეტალის შესახებ ინფორმაცია პროკურატურაში უკვე გადააგზავნა.

დღის ამბები