დარჩება თუ არა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა ძალაში - ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ კონსულტაციებისთვის კიდევ ერთხელ შეიკრიბა.
საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტებები, "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადების შემდეგ გახდა საჭირო. კანდელაკის თქმით, თუ ხელისუფლება პროპორციულობის პრინციპს დათანხმდება, შეთანხმების მიღწევა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშეც შესაძლებელი იქნება.
კანდელაკის თანაპარტიელმა გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტის გარეშე ხელისუფლებასთან კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, თუმცა მისივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების გატანას გადაწყვეტს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მას "ევროპული საქართველო" მხარს დაუჭერს.
"ორი კომპონენტია ურთიერთდაკავშირებული - პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები და მათი გამოშვება, ასევე არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის, მაგალითად, 130/20-ზე. თუ ეს ორივე კომპონენტი არ მოხდა, პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება. მაგრამ, პროპორციული რომ შემოიტანოს ხვალ ივანიშვილმა, რაც არარეალისტურია, ჩვენ არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვასთან სასაცილო მდგომარეობაში თავს არ ჩავიგდებთ, რომ ვთქვათ, რადგან გვიჭერენ, ხმას არ მივცემთო," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პოლიტპატიმრების საკითხის პრინციპულობას ხაზი გაუსვა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.
"მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. მე როგორც ვხვდები, კანდელაკმა თქვა, რომ შეიძლება მხარდაჭერა იყოს დეპუტატების მხრიდან უბრალოდ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე, ყოველგვარი შეთანხმებისა და მოლაპარაკების მაგიდის გარეშე, თუ ადეკვატური საარჩევნო სისტემა იქნება და არა ის, რომ ვინმე აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ოფიციალურად მეხუთე რაუნდის გამართვას, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც თვლის, რომ საარჩევნო სისტემის მიუხედავად, პოლიტიკური დევნის გაგრძელების შემთხვევაში, საარჩევნო გარემო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის შეუფერებელი იქნება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება აუცილებელი არ არის და თუ პრინციპზე შეთანხმება შედგება, იქნება შეთანხმებაც, რომ ის გარკვეულ ვადებში განხორციელდეს.
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ "გირჩი" გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს, თუმცა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია საკმაოდ პრინციპულია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვითარებას შეიცვალოს.