"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან უკვე იკვეთება მცდელობა, მაჟორიტარული ოლქები საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს.
დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ოლქებსა და ყველა სხვა საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს.
"ოცნების მიერ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით ორი მომენტია აღსანიშნავი - ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები და შეამციროს მათი რაოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით უჭირს, მაგალითად, თბილისსა და იმერეთში. და მეორე, როგორც ჩანს, განვლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებას და საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ, მინდა მივმართო ოცნებას, ოლქებზეც და ყველა სხვა საკითხზეც, უნდა გაიმართოს კონსულტაციები ოპოზიციასთან," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარე ადასტურებს, რომ შეხვედრაზე, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება შედგა, პოლიტპატიმრების შესახებაც იყო საუბარი, უფრო მეტიც - საუბარი შეეხო კონკრეტულ სახელსა და გვარებს.
"ის, რომ პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, მათ შორის კონკრეტულ სახელზე და გვარებზე, ამას ადასტურებს მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე. ელჩების დასტური თუ უნდა "ქართულ ოცნებას", ეს იქნება ძალიან ცუდი რამ. ჩვენ, როგორც გაერთიანებული ოპოზიცია, ერთი მაგიდის ირგვლივ მსხდომი, გავითვალისწინებთ პარტიების უმრავლესობის ინტერესებს და ასე ვიმოქმედებთ ბლოკებთან დაკავშირებითაც," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
როგორ გადანაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი ქვეყნის მასშტაბით - სავარაუდო სისტემა უკვე ცნობილია. აჭარაში 3, გურიაში 1, სამეგრელოში 3 ოლქი, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთში 1, იმერეთში 4 მაჟორიტარული ოლქის შექმნა იგეგმება, შიდა ქართლში 2, კახეთში 3, ქვემო ქართლში 3, სამცხე ჯავახეთში 2, მცხეთა მთიანეთში კი 1. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის შექმნა იგეგმება. ბათუმში 1, ქუთაისში 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და რუსთავშიც ერთი.