ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი იმ ერთი კანდიდატის ვინაობა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იმყოფებიან.
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც თავადაც არის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მან სხვა კანდიდატურა დაასახელოს. მისივე განმარტებით, საბჭოს სამ წევრს აქვს უფლება კონკრეტული კანდიდატურა დაასახელოს.
"პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის ვხვდებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რათა გავიგოთ მათი პოზიცია. პოტენციურად უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე შესაძლებელია იყოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი ხედვების და პოზიციების მოსმენა.
მე არ გამოვრიცხავ, რომ პირადად მე დავასახელო კანდიდატურა თავმჯდომარეობის, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდან წინ გვაქვს კონსულტაცია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს გადაწყვეტილებაში," - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
რაც შეეხება საბჭოს არამოსამართლე წევრებს, მათი განცხადებით დღეს შეირჩევა კანდიდატურა, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბჭო მას უბრალოდ ფორმალურად გააფორმებს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განმარტებით, საბჭოს წევრებს საზოგადოებრივი ყურადღების ეშინიათ და კონსულტაციების შედეგად კანდიდატურის დახურულ კარს მიღმა დასახელება სწორედ ამიტომ ხდება.
"რაც არ უნდა გვარი ჰქონდეს ამ ადამიანს, მიქაუტაძე, თადუმაძე, ცინცაძე, როგორც პრემიერის შემთხვევაში, აქაც ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის სათითაოდ ჩინჩალაძის მიერ სელექციურად გამოყვანილი ადამიანები," - აცხადებს ანა დოლიძე.