18 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
ეს იქნება ადამიანი, რომელიც კლანთან არის დაკავშირებული - NGO-ები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე

უზენაეს სასამართლოში მიმდინარე კონსულტაციების ფორმატთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსაც აქვს. მათი განმარტებით, მსგავსი ტიპის კონსულტაციები მოულოდნელად ჩაინიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, აქვთ მოლოდინი იმისა, რომ საბჭო დღეს სწორედ შალვა თადუმაძის კანდიდატურას დაასახელებს, რაც, მათი განმარტებით, ამ პოზიციისთვის შესაბამისი არ იქნება.

"მოულოდნელად, დაუგეგმავად - ისე, რომ ამის თაობაზე საზოგადოებამ არ იცოდა, ეს საკითხი გაჩნდა საბჭოს დღის წესრიგში, რაც უკვე ცხადია, კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს პროცესის მიმართ სანდოობაზე. შალვა თადუმაძის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკა არსებობს. ერთი, რომ ის არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური და მეორე - ფორმალურად რამდენად აკმაყოფილებს შალვა თადუმაძე მოსამართლეობის კრიტერიუმებს, ეს საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იქიდან გამომდინარე, რომ მის დიპლომთან დაკავშირებით არსებობს კითხვები საზოგადოებაში. ამიტომ, ცხადია, მისი წარდგენა იქნება განსაკუთრებულად პრობლემური," – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შალვა თადუმაძის დასახელებაზე იყო საუბარი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სხვა კანდიდატურაც იყოს დასახელებული. მათივე თქმით, თუ კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შალვა თადუმაძე იქნება არჩეული, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იქნება მიღებული.

"ამ პროცესს სერიოზული ნდობის პრობლემა აქვს, ლეგიტიმაცია მთლიანად სისტემას აქვს დაბალი და მით უმეტეს, იმ პირებს, რომლებიც მართავენ ამ პროცესს ახლა, მათ მიმართ ნდობა არ არის. ვინ იქნება კანდიდატი, ამისი თქმა ძნელია. იყო საუბარი ადრე თადუმაძეზე, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხვაც იყოს. ამაზე სპეკულირებას ახლა აზრი არა აქვს იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში ეს იქნება ადამიანი, რომელიც კლანთან ან ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, აქ სხვა მოთამაშე ფაქტობრივად არ არსებობს," – აცხადებს გიორგი გვილავა.

დღის ამბები