კორონავირუსის გამო მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა მსოფლიო ეკონომიკამ. ნავთობის მომპოვებელმა ქვეყნებმა დღე-ღამის განმავლობაში ნავთობზე ფასების რეკორდული კლების გამო, 500 მილიონი ამერიკული დოლარით იზარალეს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კი სამრეწველო ინდექსი "დოუ ჯონსი" 7.79 პროცენტით დაეცა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა.
როგორია მზადყოფნა საქართველოში მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ამის შესახებ კომენტარი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ კრიზისებთან მიმართებით მდგრადობა აჩვენა. დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, მოექცევა იმ ნეგატიური გავლენების ქვეშ, რასაც ადგილი აქვს მსოფლიო ეკონომიკაში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით დააკვირდეს:
"საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, არამედ მსოფლიო ეკონომიკებიც, თუმცა ბოლო წლებში კრიზისებთან მიმართებაში მდგრადობა საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა, სტრუქტურულად ჩვენი ეკონომიკა უფრო გაუმჯობესებულია. ვერ ვიტყვით, რომ საერთაშორისო ეკონომიკის ნაწილი ჩვენ არ ვართ და ჩვენ არ გვექნება გავლენა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური იყოს ასეთი გავლენა. პირველი ორი თვის მონაცემებით, ჩვენი მიმართულებით გარკვეული შემცირება არსებობს, მაგრამ არ არის ეს კრიტიკული. მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ, როგორ წარიმართება მსოფლიოში პროცესები," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.