18 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
სამაჟორიტარო ოლქების გადანაწილების პრინციპი ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებების თემაა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, თბილისის 22 ოლქი 7-მდე შემცირდება, რეგიონებში კი გამსხვილდება. დოკუმენტის დარეგისტრირებამდე ერთი დღით ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტში ბოლო დეტალები დაზუსტდა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოლქების ამგვარი დაყოფა თანაფარდობის პრინციპსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება.

უმრავლესობის ლიდერის კაბინეტში დეპუტატები დილიდან შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მივიდნენ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარებიც. გაირკვა, რომ ოლქების გადანაწილების პრინციპი და ახალი საარჩევნო მოდელი "ქართული ოცნების" ყველა მაჟორიტარისთვის მისაღებია, ერთის გარდა. დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი პოზიციას არ ცვლის. მაჟორიტარებსა და გუბერნატორებს მმართველი გუნდის ლიდერები გუშინაც შეხვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სამაჟორიტარო ოლქების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ, ეს საკითხი ოპონენტებს შორის დღეს მაინც გახდა ურთიერთბრალდებების თემა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრებს მმართველი გუნდი საკუთარი პარტიული ინტერესის გათვალისწინებით ადგენს. ორი შეთანხმების ერთი პუნქტი კი კვლავ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. ოპოზიციამ მმართველ გუნდს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათი შეფასებით, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით ღია რჩება, ბლოკების თემაა. ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში ბლოკების შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ დამოუკიდებელი დეპუტატები. მსხვილი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები კი, მცირე პარტიებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებენ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას. ბლოკებთან დაკავშირებით, რა ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის პრინციპული არ არის.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დარეგისტრირდება. დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი პლენარულ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი კომისია შეიქმნება და საყოველთაო სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება.

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული შეთანხმების მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი შევა. მთავრობას კი ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40%-ზე მეტი მხარდაჭერა ექნება.

დღის ამბები