პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება ოლქების მოპარვას ცდილობს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარ შეფასებაში არათანმიმდევრულია.
"ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნა იყო, მეტი დაახლოვება პროპორციულ სისტემასთან და დღეს რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ოპოზიცია ითხოვს, რომ თურმე მეტი სამაჟორიტარო ოლქი უნდა იყოს კიდევ. აი, ასეთი არათანმიმდევრულია სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარ შეფასებაში. ამაზე ხომ შევთანხმდით?! ეს ხომ იცოდნენ? ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულად გადანაწილდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის და უმრავლესობის შეთანხმება მალე კანონად უნდა იქცეს - საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი რამდენიმე საათში პარლამენტში დარეგისტრირდება.
დოკუმენტის ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი, საყოველთაო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება. მეათე მოწვევის პარლამენტში 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.
მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელსაც მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა ექნება. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმების ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც იყო.