12 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
ხვალიდან თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში  მომსახურების წესები იცვლება.

კალაძის განმარტებით, მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან  და  უსაფრთხოების დისტანციის დაცვა.

გარდა ამისა, როგორც თბილსის მერმა  აღნიშნა, ხვალიდან დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა.

"საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან  და  უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის.

 ხვალიდან, ასევე დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას. თბილისის მერია, შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის. თუმცა, ამ გამოწვევის დაძლევას ჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა.

ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებააა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს,  განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით  ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში," - აღნიშნა კალაძემ.

 

 

 

დღის ამბები