18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
შეზღუდვები კორონავირუსის წინააღმდეგ - რწმუნებულები უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების შესრულებისთვის მზად არიან

პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც გიორგი გახარიამ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების აღსრულება დაავალა, სახელმწიფო რწმუნებულებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს​.

მათი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად მზად არიან, რათა კორონავირუსის გავრცელებას ხელი მაქსიმალურად შეუშალონ.  

"ჩვენ მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ყველა პრევენციული ღონისძიების დროულად გატარება  და ყველა ნაბიჯის დროულად გადადგმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული," - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რეგიონში უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს სრულად დაიცავენ. მისი თქმით, აიკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა, ასევე დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები.

"სამარშუტო ტაქსების მოძრაობა მაქსიმალურად აიკრძალება. ამავდროულად, მაქსიმალურად შეიზღუდება ბოლომდე რესტორნებში, კაფეებში და ნებისმიერი ესეთი ტიპის თავშეყრის ადგილებში თავშეყრა და დაიხურება ესეთი ობიექტები. მხოლოდ იმუშავებენ გატანაზე," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

განცხადება გააკეთა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემაც.

"ჩვენ უნდა გადავეწყოთ ახალ რეალობაზე, რაც არის ამ შემთხვევაში მიკროავტობუსებით გადაადგილების აკრძალვა და ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურად თვითიზოლაციაში ყოფნა, ვინც რისკის მაღალ ჯგუფს განეკუთვნება. ეს არის ის ხალხი, ვინც 70 წელს ზევით არის და უნდა ვიმუშაოთ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურამ, იმისთვის, რომ ამ ხალხს ადგილზე სახლში მოვემსახუროთ," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების აღსრულება რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა. მათ შორის საუბარია სატრანსპორტო შეზღუდვაზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, იზღუდება როგორც ადგილობრივი, ისე საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. სახელმწიფო რწმუნებულებმა ყველა საჭირო უწყებასთან კოორდინაციაში უნდა იმოქმედონ. 

დღის ამბები