მოქალაქეები საყოველთაო კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის პირველივე დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდებიან.
ზუსტად 7 საათში ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად 21 საათიდან დილის 6 საათამდე, ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა "კურიერთან" გამკაცრებული რეჟიმის და ე. წ. კომენდანტის საათის წესები განმარტა.
"თუ მოქალაქეები საგანგებო რეჟიმის პირობებს დაარღვევენ პირველივე ჯერზე იმოქმედებს ჯარიმა.
კანონმდებლობა მკაცრ რეგულაციებს გვიწესებს, რომლის თანახმადაც საგანგებო რეჟიმის დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, მოქალაქეები 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო თუ იმავე ქმედებას გაიმეორებენ, მათზე გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს ქმედება დანაშაულია და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
რაც შეეხება აფთიაქებს, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მოქალაქეებს არც ე.წ. კომენდანტის საათის დროს შეეძლებათ აფთიაქში გასვლა, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.
"გამონაკლისი გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პირებისათვის და იმ სუბიექტებისთვის, რომელთა მუშაობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს. ჩვენ იგივე რეგულაციები გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, რომელთაც ქუჩაში გასვლა აეკრძალათ, გარდა იმ შემთხვევისა თუ სურთ მაღაზიაში წამლის ან სურსათის შეძენა, ან ისეთი სამედიცინო მომსახურების მიღება, რომელიც ადგილზე შეუძლებელია. ეს არის საერთო რეგულაციები და ნებისმიერი აკრძალვა დაშვებულია.
ანუ ე.წ. კომენდანტის საათის დროსაც ვერ შეძლებენ მოქალაქეები აფთიაქში გასვლას, თუ ეს კრიტიკული მნიშვნელობის არ არის," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.