18 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
როცა ვამბობთ, 3-ზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, იგულისხმება არასრულწლოვანიც - ნათია მეზვრიშვილი

ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინის წესები ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანის ჯდომას კატეგორიულად გამორიცხავს.

"როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი," - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ცხელ ხაზზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი შეტყობინება შევიდა.

"ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, მსუბუქი ავტომობილებით როგორ უნდა გადაადგილდნენ დღის მანძილზე მოქალაქეები, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში. მთავრობის დადგენილება, ახალი რეგულაციები, გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციებია. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოვაცხადეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი აკრძალვების მიხედვით, 3 ადამიანზე მეტი ავტომანქანაში ვერ იჯდება," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ უსიამოვნო პროცესებთან არის დაკავშირებული და გასაგებია, რომ მოქალაქეებს ექმნებათ გარკვეული დაბრკოლებები, მაგრამ ამას უნდა მოვეკიდოთ გაგებით რადგან ყველაფერი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად კეთდება.

"ბევრი კითხვა დაისვა, რომ მაგალითად, ოჯახში გვყავს 3, 4 შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს. ეს, პირველ რიგში, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე.

კარგი იქნება, თუ გადაადგილებებით არ დავკავდებით და მაქსიმალურად დავრჩებით სახლში," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები