18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
არის თუ არა საფრთხე ფულის ბანკნოტებში - COVID-19-ის შიდა გავრცელების შემთხვევები გაზრდილია

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი, ხოლო ინფექციის შედეგად გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება. თუმცა, ქვეყანაში შიდა გადაცემა იმატებს. საფრთხე გაჩნდა კლინიკებში, ეროვნულ ბანკში, საკრებულოებში. ჯანდაცვის სამინისტრო აპრილის მეორე ნახევრიდან COVID-19-ის გავრცელების პიკს ელოდება.

რუსთავის საკრებულოს თითქმის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. მიზეზი ისაა, რომ ერთ-ერთი დეპუტატის დედას COVID-19 დაუდასტურდა, თავად დეპუტატს კი ვირუსის სიმპტომები აქვს. რუსთავის მუნიციპალიტეტში გეგმიური და სპეციალური დეზინფექციაც ჩატარდა. ქალაქის მერის თქმით, ინფიცირებულის კონტაქტების დასადგენად შიდა მონიტორინგი მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, ინფიცირებულ დეპუტატს ტესტირება უკვე ჩაუტარდა. ექიმებმა გამოიკვლიეს მისი ოჯახის წევრებიც. რადგანაც საკრებულოს წევრი მოხალისეობრივ აქციებში მონაწილეობდა, პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში ის 20-მდე მოხალისეც გადავიდა, ვისაც დეპუტატთან პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდა. 

დეპუტატის დედა, დადასტურებული COVID-19 ის დიაგნოზით, ეროვნულ ბანკში, კერძოდ, საცავში მუშაობს. კორონავირუსი, ჯამში, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. ეროვნული ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინფიცირებული თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს, სიმპტომები დაეწყო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონიათ სხვა კოლეგებთან. უწყების ცნობით, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს რომელ განყოფილებაში მუშაობენ ინფიცირებულები, თუმცა, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვალუტის ბანკნოტებზე საკარანტინო ზომები ვრცელდება და მიმოქცევიდან შემოსული ფული 14 დღის განმავლობაში ცალკე ინახება. ერთ-ერთი ვერსიით, ეროვნული ბანკის თანაშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ ფული გახდა. დაავადებათა კონტროლში განმარტავენ, რომ, ჯერჯერობით, არ არსებობს მეცნიერული დადასტურება, რომ ბანკნოტები ვირუსის გამავრცელებელია, თუმცა, პაატა იმნაძე, თეორიულად, არც ამ შესაძლებლობას გამორიცხავს.

ხარაგაული კორონავირუსის გავრცელების რისკზონა შეიძლება გახდეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში ინფიცირებულის მამამ წიწილები ხარაგაულში გაყიდა და ღამეც იქვე, ნათესავთან დარჩა. ეპიდემიოლოგები ადგენენ კონტაქტებს, ეძებენ ყველა იმ პირს, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა ინფიცირებულის ოჯახის წევრთან. პაციენტის მშობელი უკვე თვითიზოლაციაშია, მას ვირუსის ნიშნები, ამ ეტაპზე, არ აქვს.

თავად ინფიცირებული თერჯოლელი მამაკაცი საჩხერის ჰოსპიტალში რჩება. მას კორონავვირუსი 30 მარტს დაუდასტურდა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში მაღალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, ლომბარდში მუშაობდა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საჩხერის კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, ჯამში, ორი პაციენტი მკურნალობს. 3 ინფიცირებული რჩება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. მათგან ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის კი საშუალო სიმძიმისაა.

კორონავირუსი დაუდასტურდა მარნეულის საველე ჰოსპიტალში მყოფ ორ პირს. დედა-შვილი, მათ შორის 19 წლის ფეხმძიმე სოფელ ქვემო ბოლნისის მკვიდრია, რომელიც მეორე დღეა კარანტინში მოექცა. ინფიცირებულები იმ მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, რომელთაც ამავე სოფელში ვირუსი პირველად დაუდასტურდათ. COVID-19-ით დაავადებულებს მარნეულის კლასტერთან ჰქონდათ შეხება. საველე ჰოსპიტალში, დღეის მდგომარეობით, 17 ადამიანია მოთავსებული

COVID-19-ის დიაგნოზით 17 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას გორის ჰოსპიტალში. ორი პაციენტი მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ მამაკაცს ორ ბავშვთან ერთად, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

დღეს დატოვებს კლინიკას პირველ გამოჯანმრთელებული პაციენტი ბათუმში. ახალგაზრდა ქალი 2 კვირის განმავლობაში, პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში იქნება. ისევ მძიმეა 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება. ჯამში, ბათუმში კლინიკა "მედალფაში", ამ ეტაპზე, 7 ინფიცირებული რჩება.

24 საათის განმავლობაში ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა თბილისის კლინიკების ნაწილში. ინფექციურში 36 დადასტურებულ შემთხვევას მკურნალობენ. ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტი ჰყავს საუნივერსიტეტო კლინიკას. უცვლელია ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა, აქ კორონავირუსი ისევ 7 პაციენტს აქვს.

უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში აპრილის მეორე ნახევარში კორონავირუსის პიკს, ეს ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ორ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის კი, როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დღის ამბები