COVID-19-ის პირველი მსხვერპლი საქართველოში 79 წლის ქალია. ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს მარნეულიდან ვირუსის სიმპტომებით, პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. 4 დღიანი მკურნალობა ასაკოვანი პაციენტის შემთხვევაში თანმდევმა დაავადებებმა კიდევ უფრო გაართულა. ქალი დღეს დილით მწვავე პნევმონიის დიაგნოზით გარდაიცვალა.
COVID-19-ის პირველი მსხვერპლის ისტორია მარნეულის სოფელ კაპანახჩიდან იწყება. კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა გარდაცვლილი უცნობია, თუმცა დადასტურებულია, რომ მას შეხება იმ სუფრის წევრებთან ჰქონდა, ვინც გასულ კვირას მარნეულში ერთ-ერთ სარიტუალო შეკრებაზე იმყოფებოდნენ, შემდეგ კი რელიგიურ დღესასწაულს დაესწრნენ.
წლისთავი, რომელიც მარნეულის და ბოლნისის წითელ ზონად გამოცხადების მიზეზი გახდა, 10 დღის წინ აღნიშნეს. სუფრაზე აზერბაიჯანიდან ჩამოსული 67 წლის ქალი იმყოფებოდა, რომლიც უკვე დადასტურებულია, რომ 5 ადამიანის დაინფიცირების წყარო გახდა. ქალი, რომლიც მოგზაურობის ისტორიას მალავდა იმყოფებოდა ბაზარში, კლინიკაში და ჰქონდა კონტაქტი ათეულობით ადამიანთან. ამ დრომდე 1700 მოქალაქე, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა მოლოდინის რეჟიმშია და თვითიზოლაციაში იმყოფება. რეგიონი კი ეპიდაფეთქების საფრთხის გამო, უკვე რამდენიმე დღეა ჩაკეტილი ზონაა.
ვირუსის გავრცელებიდან 39 დღის განმავლობაში საქართველო იმ ქვეყნების სიაში იყო, სადაც გარდაცვლილების გრაფაში 0 ეწერა. ეს მონაცემები ვირუსის მსოფლიო რუკაზე დღეს უკვე შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული, მოქალაქეები, წესებს მაინც არ ემორჩილებიან, რის გამოც ყოველდღიურად უფრო რთულდება დაინფიცირებულების კონტაქტების დადგენა. მსგავსი შემთხვევების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, უსაფრთხოების წესების კიდევ უფრო გამკაცრება არ გამორიცხა.
79 წლის ქალს საუნივერსიტეტო კლინიკიდან, რამდენიმე საათში გადაასვენებენ. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მას ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროტოკოლის მიხედვით დაკრძალავენ.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. ამ დროისთვის ვირუსი დადასტურებულად 157 ადამინს აქვს მათ შორის 5-ის მდგომარეობა მძიმეა.