18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ქრისტიანული სამყარო ხვალ ხარების დღესასწაულს აღნიშნავს - მღვდლებს ლიტურგიის რეკომენდაციების დაცვით ჩატარება პირველად მოუწევთ

საუფლო დღესასწაულების აღნიშვნის ისტორიაში არასდროს ყოფილა, რომ მრევლისთვის ტაძარში მისვლის ნაცვლად, სახლში დარჩენა ერჩიათ. მოახლოებულ აღდგომამდე არასრული ორი კვირით ადრე მომლოცველები ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

ვიდრე საპატრიარქო გადაწყვეტს, როგორ აღნიშნოს ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული, საქართველოში მოქმედი ტაძრები ხარებისთვის ემზადებიან. დღესასწაული, რომლის ისტორიაც ქრისტიანობის დასაბამიდან იწყება, საუკუნეების შემდეგ განსხვავებული ფორმით უნდა აღინიშნოს - სასურველია ტაძრებში ღვთისმსახურება ხალხის გარეშე და მხოლოდ სასულიერო პირების დასწრებით შედგეს.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას ეკლესია ხვალ შეეცდება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ არც ერთი ტაძრის კარი არ დაიკეტება. კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, წირვა-ლოცვა შესრულდება ზუსტად ისე, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.

მოქალაქეები, რომლებიც ხვალ ტაძრებში მივლენ, ვალდებულები იქნებიან დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ იმ მითითებებს, რომლებსაც სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები გასცემენ.

ეკლესია არ არის დაცული იმ საფრთხისგან, რომ ტაძარში შეკრებილ მრევლზე ვირუსი არ გავრცელდება. ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული სამრევლოს წინამძღვრები იზიარებენ მსოფლიო პატრიარქის რეკომენდაციას და სურთ, ხალხმრავლობის გამო ეკლესია არ იყოს ადგილი, რომელიც ინფიცირების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

ხარების დღესასწაული იქნება პირველი გამოცდილება სასულიერო პირებისთვის - როგორ უნდა იმოქმედონ ბზობას და შემდეგ უკვე აღდგომას. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, სად გაავლონ ზღვარი რწმენასა და სოციალურ პასუხისმგებლობას შორის.

დღის ამბები