ვანში დაინფიცირებული ქალის კლასტერი იზრდება. კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაუდასტურდათ შუახნის ქალის მეუღლეს და სიძეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვა რეგიონების მსგავსად უსაფრთხოების ზომები ვანშიც გამკაცრდა.
დღეიდან, ვანის ორივე შესასვლელში საპოლიციო ბლოკ პოსტები ამოქმედდა. ყველა მოქალაქეს, რომლებსაც ვანის ტერიტორიაზე შესვლის სურვილი ექნება, სპეციალური თერმოსკრინინგის და საპოლიციო კონტროლის გავლა მოიწევს.
გარდა ამისა, ადგილზე ამოქმედებულია სპეციალური საველე სამედიცინო პუნქტი, სადაც მოქალაქეებს სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში გადაიყვანენ და პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.
"ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ სამ ადამიანს დაუფიქსირდებოდა კორონავირუსი, ამის გამო მოხდა იმ ზომების მიღება, რაც დღევანდელ დღეს ტარდება - ბლოკ პოსტები და მთლიანად ქალაქის მოსახლეობის და სოფლის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. შესაბამისად, ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო ამ სამი მოქალაქის დაინფიცირება და ზუსტად გეგმაზომიერად მივყვებით," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.