რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ საავადმყოფოში 61 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან კორონავირუსი 3 პაციენტს აქვს.
როგორც თეა თავართქილაძემ აღნიშნა, კლინიკას დღეს 15 პაციენტი დატოვებს.
თავართქილაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ სამივე პაციენტს პნევმონია აღენიშნება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ამ ეტაპზე ახალი კოვიდ დადებითი პაციენტი არ შემოსულა ჩვენთან. სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სტაბილური და საყურადღებო. სამივესთან არის პნევმონია.
გვყავს 61 პაციენტი, მათგან 15 დღეს დატოვებს კლინიკას. ისინი გადანაწილდებიან სხვადასხვა საკარანტინო ზონებში და რამდენიმე მათგანი გაეწერება ბინაზე. დღეს საღამოს ველოდებით 19 ტესტის პასუხს," - აღნიშნა თეა თავართქილაძემ.