თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. კორონავირუსი ინფიცირებული 65 წლის ქალის მეზობლებს აღმოაჩნდათ. ცოლ-ქმარი კონტაქტში იყვნენ დაინფიცირებულ ქალთან და ახლა მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებენ.
ადგილობრივების ნაწილის ინფორმაციით, მომხდარის გამო შეშინებული არიან, რადგან ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი ჰქონდათ და არ გამორიცხავენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ადგილობრივები, ასევე უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ დრომდე უბანში ეპიდემიოლოგები არ მისულან და ოჯახებში დეზინფექცია არ ჩატარებულა.
თერჯოლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში არიან. მათივე ინფორმაციით, უბანში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის თერჯოლაში ზომების გამკაცრება არ იგეგმება, რადგან მთელს რეგიონში სიტუაცია კონტროლირებადია.