თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილების მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ირაკლი ოქრუაშვილი 5 წელს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გაატარებს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება ე.წ. გავრილოვის ღამეს ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდება 9 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოქრუაშვილს 30-კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და პარლამენტში შეჭრის მითითებას აძლევდა - ამ ნაწილში ის მოსამართლემ უდანაშაულოდ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ცნო.
რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ ძირითადი ბრალდების დადასტურება თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ამ კითხვაზე სახელმწიფო ბრალდებას დღეს პასუხი არ გაუცია. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრებს.
გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარეც. ადვოკატების განცხადებით, საქმეში ოქრუაშვილის წინააღმდეგ არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ დევს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობს ოპოზიციაც. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს პროცესის დასრულების შემდეგ ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევაშიც ადანაშაულებდნენ.
განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო.
პარტია ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი სამართალდამცველებმა 25 ივლისს დააკავეს.