18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
პირველ რიგშია ადამიანის ჯანმრთელობა, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს - პრემიერი

ჩვენ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევებს ეხებოდა.

მან აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ტაძრები არ დაიხუროს და ხაზი გაუსვა, რომ ამ თემაზე, ბალანსის საპოვნელად ეკლესიასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც. რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არავის. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ ამ სირთულეზე გარკვეული სპეკულირება მოახდინოს, არ მინდა ამ თემაში ღრმად დეტალებში წასვლა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოს და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობის ნაწილში და კანონის დარღვევის მნიშვნელობის ნაწილში, ისევე, როგორც ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში. გამოწვევა გახლავთ სწორედ ის, რომ ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, არის ადამიანის ჯანმრთელობა, სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს, ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა. ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და, დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ეკლესიასთან ერთად,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები