18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
რა შემთხვევაში ემუქრება ქვეყანას სრული კარანტინი - სპეციალისტები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID 19-ის ინფექციის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელება დაიწყო, ექიმების მხრიდან შესაძლო საგანგაშო ვითარებაზე საუბარი გახშირდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს მოსახლეობას უთხრა, რომ ვითარება საგანგაშოა, კორონავირუსის დასამარცხებელი რეცეპტი კი ერთადერთია - უნდა დავცილდეთ, რომ გადავრჩეთ. ექიმმა საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ ინფიცირებულების სწრაფად მატების შემთხვევაში მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდება, ადამიანური რესურსი ამოიწურება და პაციენტების სამკურნალოდ აღარც კლინიკები იქნება საკმარისი.

მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილებით, ეპიდემიოლოგიური სურათი პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან სწორედ მეშვიდე კვირას მძიმდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსი უკვე ყველა სოციალურ ფენაშია, მთავარი ამოცანა კი ეპიდაფეთქების ტემპების მაქსიმალურად შეჩერებაა. თუკი მათი რეკომენდაციები არ შესრულდება, ქვეყანაში, შესაძლოა შემთხვევების რიცხვი 20 ათასსაც გადასცდეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ვარაუდით, სისტემის კოლაფსი გარდაუვალია, თუკი მოსახლეობა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და სოციალურ კონტაქტებს არ შეზღუდავს. ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება და რამდენიმე კვირაში მაჩვენებელი, შესაძლოა 5 000-ს მიუახლოვდეს. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში 1700 სასუნთქი აპარატია და მხოლოდ 256 ინფექციონისტი. ამ ვითარებაში, მედპერსონალს ერთდროულად მხოლოდ 853 მძიმე პაციენტის მკურნალობა შეუძლია.

ინფექციონისტები ამბობენ, რომ ვითარების დასტაბილურება და ეპიდაფეთქების პიკის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუკი მოსახლეობა პასუხიმგებლობას გაიაზრებს და მომავალი კვირების განმავლობაში სახლში დარჩება. სპეციალისტები მოსახლოებას მოუწოდებენ, არ დამალონ გამოვლენილი სიმპტომები, ხელისუფლებას კი ურჩევენ, რომ რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცროს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 10-ით არის გაზრდილი და 306-ს შეადგენს.კარანტინის რეჟიმშია 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463 პირი.

ინფორმაციისთვის, 306 ადამიანიდან 71 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მივალთ თუ არა სიტუაციის მკვეთრად გართულებამდე, ეს დამოკიდებული იქნება საზოგადოების მზაობაზე, დაიცვას სოციალური დისტანცირება და, ასევე დაიცავს თუ არა 8 000-მდე ადამიანი თვითიზოლაციისთვის დადგენილ წესებს.

ქვეყანა უკვე ერთი კვირაა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს. გამოცხადდება თუ არა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი, ეს ვირუსის გავრცელების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება და დაავადების წყაროების იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდება, მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად, მომდევნო ნაბიჯი საყოველთაო იზოლაცია იქნება.

დღის ამბები