2020 წლის 17 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 7353 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6435 მოქალაქე.
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა პარიზი-თბილისი რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 180 მოქალაქე. საერთო ჯამში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით 17 აპრილისთვის საქართველოში 6435 ადამიანი დაბრუნდა.
მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტური ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნული განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.