სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace 98-მა ადამიანმა დატოვა. მათ საკარანტინო სივრცეში 14 დღე გაატარეს. ტრანსპორტირება თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით განხორციელდა.
სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace 200 ნომრით საკარანტინო სივრცისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადაეცა.
"ადამიანები ნელ-ნელა ასრულებენ საკარანტინო 14 დღიან ვადას და უბრუნდებიან ოჯახებს. კონკრეტულად დღეს "შერატონ მეტეხი პალასიდან" 98 ადამიანი ტოვებს საკარანტინო სივრცეს,"- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს, სადაც 4 945 ადამიანი იმყოფება. კარანტინის ვადა სულ 7 171 ადამიანს დაუსრულდა.
განთავსების პირობები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.