მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა COVID-19-ის ფონზე უწევს. საქართველოში აღდგომის დღესასწაულამდე სამი საათია დარჩენილი, ტაძრებში კი ორი რეალობაა - ეკლესიების ნაწილში სასულიერო პირები ღვთისმსახურებას მარტო ასრულებენ, ნაწილში კი მრევლი უკვე შეიკრიბა.
ამ დროისათვის ქვეყანაში ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი სამების საკათედრო ტაძარია. სამების საკათედრო ტაძარში, დაახლოებით, 2 400 ადამიანის მოლოდინი აქვთ, სწორედ ამდენი ნიშნულია გაკეთებული ტაძრის შიდა და გარე პერიმეტრზე. ადგილზე ვითარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ, მათ დახმარებას უწევენ სტიქაროსნებიც.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მრევლს ეკლესიაში მისვლა ფეხით მოუწია. მოწოდების მიუხედავად, რომ ასაკოვან პირებს თავი შეეკავებინათ თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან, სამების ტაძარში მაინც შეინიშნება მათი ყოფნა.
"ფეხით მოვედი რუსთაველიდან , უფალი გვიყვარს, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გვიყვარს, მე არ დავრჩები, თოკებით რომ დამაბან," - აცხადებს მრევლის წევრი.
სამების ეკლესიაში დღეს წესრიგს 50-ზე მეტი სტიქაროსანი დაიცავს:
"50-ზე მეტი სტიქაროსანი იქნება. ძირითადი მოვალეობა იქნება, რომ ყურადღება მივაქციოთ ხალხს, დისტანცია დავიცვათ და პირბადეები ეკეთოთ, ასევე ზიარების, აღსარების დროს არ დაირღვეს დისტანცია," - განაცხადა ტაძრის სტიქაროსანთა წარმომადგენელმა.
სამების მიმდებარედ გაჩერებულია რამდენიმე ავტობუსი, რომელიც ქრისტიანული ატრიბუტიკითაა გაფორმებული. სასულიერო პირის თქმით, ხვალ 13:00 საათისთვის ავტობუსები სამი მიმართულებით გავლენ. ესენია: გლდანი, საბურთალო და ვარკეთილი და დაიწყება ქალაქის კურთხევა.
დღეს იერუსალიმიდან ცეცხლს სწორედ სამების ტაძარში მოიტანენ, რის შემდეგაც ის ხვალ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიგზავნება.