18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"კომპიუტერთან იჯდა თვითონ.. რამდენიმე გასროლა იყო, მერე გაჩერდა, მერე ისევ გაგრძელდა სროლა" - გარდაცვლილი ქალის სიძე

თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალებს, რასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები იხსენებენ. გარდაცვლილის სიძე, თემურ პირველაშვილი ამბობს, რომ პირს, რომლის მიერ გასროლილმა ბრმა ტყვიამ შუა ხნის ქალი იმსხვერპლა, არ იცნობს და მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. 

"კომპიუტერთან იჯდა თვითონ, დედა ტელევიზორს უყურებდა ცოტა მოშორებით და მეუღლე და შვილი საძინებელ ოთახში ტელევიზორს უყურებდნენ ისინიც. რამდენიმე გასროლა იყო, მერე გაჩერდა, მერე ისევ გაგრძელდა. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა დისტანცია 560 მეტრი იყო. სახელი და გვარიც არ ვიცი. ყველა იძახის რომ პოლიციელი იყო," - ამბობს გარდაცვლილის სიძე თემურ პირველაშვილი. 

პოლიციის თანამშრომელი, რომლის ბრმა ტყვიამაც 50 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი მანძილიდან გაისროლა, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან იარაღიდან საკუთარი ბინის აივნიდან, მოპირდაპირე კორპუსის მე-7 სართულზე მყოფი ქალი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. 

მეზობლები ამბობენ, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ბინიდან გასროლის ხმა გაიგეს. 

უბედური შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც აივნიდან უმისამართოდ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღი. უწყების ინფორმაციით, ქალი სწორედ მისმა გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ფიგურირებს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის პროკურატურას გადაეცა. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. 

დღის ამბები