სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობა შეზღუდვებს დაემორჩილა და ჯერჯერობით იქ არცერთი სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა.
დღეს სასაფლაოებზე არ არიან ადამიანები, თუმცა პოლიცია და ჯარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ არცერთ სამართალდარღვევას ამ დროისთვის ადგილი არ ჰქონია და რეგიონის მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის.
"სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა, მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის,"- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა არც ფოთში, რისთვისაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია მოსახლეობას ასევე მადლობას უხდის.
"საგანგებო მდგომარეობის წესებს ემორჩილება მოსახლეობა და ამ დროისთვის ოფიციალურად კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა,"- განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალი რეკომენდაციების თანახმად, სასაფლაოებზე შეკრება აიკრძალა.