ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალ მთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება მოსალოდნელ ტემპერატურას, დედაქალაქში მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მინიმალური ტემპერატურა +5, მაქსიმალური კი - +18 დაფიქსირდება.