საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, ღონისძიებების შემსუბუქების პირველი ეტაპი იწყება.
მისი თქმით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სრულად აღდგება ტაქსების ფუნქციონირება, აღდგება ყველა ტიპის ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისი და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სრულად უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ვირუსის გავრცელების გამო ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
ასევე, პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედებს, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
მისი თქმით, ეს ეხება დისტანციის დაცვას, საჯარო სივრცეში ნიღბის ტარებას, იურიდიული პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულებას. ამასთან, ძალაში რჩება რეკომენდაცია კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.