მიხელ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად შესაძლო დანიშვნას ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.
არჩილ თალაკვაძემ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს, დიმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის უკრაინელ კოლეგას იმ დანაშაულებებს ახსენებს, რომლის გამოც სააკაშვილი საქართველოში გაასამართლეს.
"ძვირფასო კოლეგა, დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ურთიერთგაგებას ეფუძნება. საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან, დიდი მიღწევებითა და გამოწვევებით. ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გაგვაჩნია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მაძლევს უფლებას წერილით მოგმართოთ თქვენ და ჩემს კოლეგებს "ვერხოვნა რადა"-ში, რათა ჩვენი წუხილი გაგიზიაროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის.მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას.
ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მომდევნო წლებში ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.“ - წერია წერილში.