დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, კორონავირუსის მატება მასშტაბურ სახეს ჯერაც არ იძენს.
აღნიშნული განცხადება მან სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
"24 საათის განმავლობაში არის 29 შემთხვევა. ეს არის ბოლნისის უკვე ცნობილი კლასტერიდან. ასევე თეთრიწყაროსი და მისი კონტაქტებია. გარდა ამისა, ერთი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზირებული იყო. თბილისში დაემატა კიდევ 4 ახალი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან.
რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, რომელიც გაკეთდა ამ 24 საათის განმავლობაში - 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 ახალი შემთხვევა. გუშინ გაკეთდა 919 ტესტი და იქიდან იყო 25. სულ ჩატარებულია 12,000-ზე მეტი ტესტი. 5,000-ზე მეტია სწრაფი ტესტები გაკეთებული. მოგეხსენებათ, რომ ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყანაში განხორციელდა, ჩვენ მაქსიმალურად შევძელით, გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური, ზვავისებური. ჯერჯერობით შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ეს შევძელით," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება.