მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან იხსნება. რეგულაციების შემსუბუქების მეორე ეტაპის ვადაზე ადრე ამოქმედების გადაწყვეტილების შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ხუთი მაისიდან საქმიანობას სრული დატვირთვით აღადგენს სამშენებლო სექტორი.
მშენებლებთან ერთად ხვალიდან ფუნქციონირებას იწყებენ სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიებიც.
ბიზნესის წარმომადგენლების განმარტებით, წარმოების გადასარჩენად თითოეული დღე მნიშვნელოვანია. კომპანიების პროგნოზით, გადაწყვეტილება დასაქმებულთა შენარჩუნების შესაძლებლობას გაზრდის და ოპერირების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნების საშუალებას გააჩენს.
სანიტარული ნორმების სრული დაცვით და სპეციალური ეკიპირებით მუშაობას განაახლებენ ავტომომსახურების სერვისებიც.
რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ბიზნესის საქმიანობის მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განახორციელებს.
ქვეყანა ფორსმაჟორიდან ეკონომიკის აღდგენის რეჟიმზე გადადის - ასე განმარტა რეგულაციების შერბილების მოტივი პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას განცხადებით, ვადამდელი შემსუბუქება ეკონომიკური და ლოჯისტიკური კუთხით კრიზისის დროს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მიუხედავად ამისა, პრემიერმა დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული აკრძალვების შემსუბუქებას ხელისუფლება ექვს ეტაპად გეგმავს. ხვალიდან მუშაობას მეორე ეტაპში გათვალისწინებული სამშენებლო და ავტომომსახურების სფეროს წარმომადგენლები განაახლებენ. მომდევნო ორშაბათიდან კი ფუნქციონირებას კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება და სარეკრეაციო ზონები აღადგენენ.