18 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხანდაზმული ადამიანები არიან - სახალხო დამცველის მოადგილე

დღეს რუსთავში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი გამოეხმაურა. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ხანდაზმული ადამიანები არიან, რომელთაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.

მისივე თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ იმუშავოს სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და იმ ბარიერების გადალახვის კუთხით, რაც ხანდაზმულ ადამიანებს ხელს უშლით სამართალდამცველ ორგანოებს მიმართონ.

"განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი, რასაც სახალხო დამცველი პრაქტიკაც ცხადყოფს, ხშირ შემთხვევაში, არიან ხანდაზმულები, რომლებიც არ იყენებენ ქვეყანაში არსებულ სერვისებს, მათზე ინფორმაციის არარსებობის, თუ სხვა ბარიერების გამო და ისინი ხშირად ინარჩუნებენ ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას, რაც, ცხადია, ნეგატიურად აისახება შემდგომში მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. რიგი ბარიერების გამო, არ ატყობინებენ სამართალდამცავ უწყებას ოჯახში ძალადობის შესახებ. ამიტომ, სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი სწორედ აქ არის, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ჰქონდეთ ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შესახებ და სახელმწიფომ ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედოს იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ ამა თუ იმ სერვისით,"- განაცხადა ეკა სხილაძემ.

დღის ამბები