რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ ის ათასობით ადამიანი, რომლებიც შესაძლოა საბიუჯეტო დახმარების გარეშე დარჩნენ - საუბარია თვითდასაქმებულებზე, რომლებსაც უჭირთ დადასტურება, რომ ვირუსის საფრთხემდე მათ ყოველთვიური შემოსავალი ჰქონდათ, რაც დაკარგეს იმ შეზღუდვების და აკრძალვების გამო, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად ამოქმედდა. ასეთი ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია.
იმისთვის, რომ არ დარჩეს სოციალურად დაუცველთა ან თვითდასაქმებულთა ნაწილი ყოველგვარი შემწეობის გარეშე, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის იმ ნაწილს უნდა გადახედოს, სადაც ერთჯერად დახმარებებზეა საუბარი.
ეკონომისტების განცხადებით, სოციალური უსამართლობა რომ არ იყოს, თუ კი სახელმწიფო ვერ იხდის ბევრი ადამიანისთვის ერთჯერად დახმარებას, მაშინ მოხსნას ის შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო არსებობს და მოქალაქეებს მიეცეთ თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
სპეციალისტების კიდევ ერთი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად გამარტივდეს წესები, რომლის მიხედვითაც თვითდასაქმებულებმა დახმარება უნდა მიიღონ.
"ვისაც უჩანდა შემოსავალი, შემოსავლების სამსახურში შეგვეძლო ეს ადამიანები გაგვეწია გვერდით, მაგრამ ამათ გარდა ყველა ადამიანისთვის უნდა მიგვეცა დახმარება, მაგრამ ამისი რესურსი ბიუჯეტს არ გააჩნდა, ეს იყო თეორიული დაშვება მხოლოდ. მეორე, უფრო რეალისტური რისი საშუალებაც ნამდვილად არსებობს და რითიც შეგვიძლია დავაკომპენსიროთ ეს ადამიანები, ვისაც ვერ ვეხმარებით სამწუხაროდ, ეს არის ამ ადამიანებისათვის ისევ იმ ეკონომიკური აქტივობის, თავისუფლების დაბრუნება, რომელიც მათ შეეზღუდათ," – აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ვინაიდან თვითდასაქმებულთა იდენტიფიცირება ძალიან რთული პრობლემაა, შესაძლებელი იქნებოდა გამოერიცხათ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ამ კატეგორიაში არ შედიან, მაგალითად სკოლის მოსწავლეები ან პენსიონერები.
"შეიძლება, აქ ჩვენ წავსულიყავით არა იმ გზით, რომ ვისაც საბუთი ექნებოდა დამადასტურებელი, რომ ის თვითდასაქმებულია, მათთვის მიგვეცა გარკვეული შემწეობა, არამედ იმ გზით, რომ გამოგვერიცხა პირობითად ის ადამიანები, ვინც არ შედიან ამ კატეგორიაში. მაგალითად პენსიონერები, სკოლის მოსწავლეები შეიძლება გამოგვერიცხა და კიდევ სხვა გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები, დანარჩენებისთვის უკვე დაგვეტოვებინა გარკვეული შემწეობა,“ - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.