18 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
სისწრაფეზე მეტად საჭიროა ხელისუფლება თანმიმდევრული იყოს - ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქებას ეკონომისტები ეხმაურებიან

ორშაბათიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მესამე ეტაპი ამოქმედდება. ისე, როგორც მეორე შემთხვევაში, ამ ეტაპზეც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მომდევნო ფაზა ძალაში დაგეგმილზე სწრაფად შევა. მოიხსნება 16 აპრილიდან ამოქმედებული შეზღუდვაც, როდესაც თბილისი ჩაიკეტა. 11 მაისიდან დედაქალაქის შესასვლელებთან მოწყობილი ბლოკპოსტების დემონტაჟი დაიწყება. 

ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ორშაბათიდან უნდა მოხდეს, საექსპერტო წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურების საფუძველი გახდა. ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს გადწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკას ბევრ დადებით ბენეფიტს მოუტანს.

"რთულია შევაფასოთ თუ რამდენ მილიონ ლარს მოგვიტანს ეკონომიკურ აქტიურობაში ეს პროცესი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ხალხი მოწყურებულია სამუშაო ადგილებზე გასვლას. ამასთან ერთად, მათი მომხმარებლებიც, კლიენტებიც, მოწყურებულები არიან, რომ სხვადასხვა პროდუქტი შეიძინონ და ჰქონდეთ შესაძლებლობა მაღაზიებში იარონ," - აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.

მეორე ნაწილის აზრით, მთავრობას თანმიმდევრულობა აკლია, როდესაც ეკონომიკურ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის, რადგან მათი თქმით, თუ არ გაიხსნება მომიჯნავე დარგები პარალელურ რეჟიმში, ეს შედეგს თითქმის გაანახევრებს.

"როდესაც ჩვენ ვხსნით ფეხსაცმლის საწარმოს და დახურულს ვტოვებთ იმ მაღაზიას, სადაც ამ ფეხსაცმლის რეალიზება უნდა მოხდეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომიჯნავე დარგებს არ ვხსნით სინქრონულად და თანმიმდევრულად, რაც ისედაც შენელებული ეკონომიკის აჩქარების და მწყობრში ჩადგომის ტემპებს მინიმუმამდე წევს და ძალიან ანელებს. სისწრაფეზე მეტად საჭიროა თანმიმდევრული იყოს ხელისუფლება. სამწუხაროდ მე ამ თანმიმდევრულობას ვერ ვხედავ," - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა.

დღის ამბები