მთავრობამ რესტორნებისა და კაფე-ბარების მფლობელებს შესაძლოა მუშაობის უფლება იმაზე ადრე მისცეს, ვიდრე ეს შეზღუდვების გაუქმების ეტაპებით არის გათვალისწინებული. უკვე შემუშავებული წესის მიხედვით, სარესტორნო ინდუსტრიის ამუშავება გათვალისწინებულია 8 ივნისისთვის, თუმცა ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, შესაძლოა თარიღმა გადმოიწიოს.
მუშაობის განახლებამდე ბიზნესი მთავრობას დამატებით დახმარებას სთხოვს. სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, მნიშვნელოვანია დამატებითი ღირებულების გადასახადის კუთხით გარკვეული შეღავათების დაწესება, ეს ბიზნესისთვის მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა იქნებოდა.
"პროექტიდან გამომდინარე ვემზადებით. ეს არის მაგიდების დაშორება, სტუმრების რაოდენობა, რა არის დასაშვები და როგორც კი დამტკიცებული გაიდლაინები იქნება, ამას მოერგება ყველა რესტორანი და მათ შორის "წისქვილი ჯგუფიც". დღგ-ს ნაწილზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ნამდვილად კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი იქნებოდა იმისთვის, რომ რესტორნებს მისცემოდა საშუალება, მეტი თანამშრომელი შეინახოს და მეტი გამოთავისუფლებული თანხით გადაირჩინოს ამ მდგომარეობაში თავი," - აცხადებს "წისქვილი ჯგუფის" გენერალური დირექტორი გიორგი როდონაია.
მთავრობის მიერ დამატებითი დახმარების გამოყოფის მნიშვნელობაზე საუბრობს რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე. მისი თქმით, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, რესტორნების 30% გახსნას ვერ მოახერხებს.
"დაგროვილია კომუნალური ხარჯები, ვალები, დისტრიბუციასთან ვალები, ასევე საოპერაციო ხარჯებისთვის არასაკმარისი უზრუნველყოფა და რეალობიდან გამომდინარე, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დღეს არსებული რესტორნების 30% უბრალოდ საერთოდ ვერ გაიხსნება," - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
განცხადება გააკეთა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
“რესტორნებისგან მკაფიო იყო პოზიცია, რომ მათ სამომავლოდ, როდესაც მოხდებოდა ოპერირების დაწყება, დასჭირდებოდათ თანხა იმისთვის, რომ საოპერაციო საქმიანობები განეხორციელებინათ. აქედან გამომდინარე მოხდა ამ ორი დახმარების პაკეტის გაყოფა და სასტუმროებს მიეცათ საშუალება , ისარგებლონ საკრედიტო საგარანტიო სქემით, ხოლო სასტუმროებს უშუალოდ მიმდინარე სესხის პროცენტის სუბსიდირება,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.