ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მოწოდებას, რომ საქართველოს მთავრობამ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩადოს ამერიკული ინვესტიციები ანაკლიის პორტის პროექტში, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გამოეხმაურა.
ნათია თურნავას თქმით, თუ რამე დეტალი ვინმეს აინტერესებს, მთავრობა მზად არის, რომ დამატებითი დეტალები მიაწოდოს, მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორსაც.
"ჩვენ, ჯერჯერობით, არ მიგვიღია დეტალური ტექნიკური პროექტი, სადაც კონკრეტულად გვეცოდინება, თუ რა კონფიგურაციით და რა პარამეტრებით იქნება პორტი აშენებული. დღევანდელ დღეს, ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე პანამაქსის ტიპის ხომალდებს, ასეთი პორტი უნდა იყოს ე.წ. ღრმაწყლოვანი. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის ანაკლიის პროექტი. ჩვენ ახლაც მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საფინანსო ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ მათ კონსულტაცია გაგვიწიონ ტენდერის ხელახლა ძალიან გამჭვირვალედ ორგანიზებაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.