საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოში კორუფციის შესახებ სტატიას აქვეყნებს. Bellingcat-ის მკლევარები სახელმწიფო ტენდერებში კორუფციული გარიგებებზე მიუთითებენ. ძირითად აქცენტი COVID-19-ის პირობებში სახელმწიფო შესყიდვების საკითხზე და საკარანტინო ზონისთვის გამოყოფილ თანხებზე კეთდება.
სტატიის ავტორები ერთის მხრივ ეყრდნობიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ადგილზე ადევნებენ თვალს და მეორეს მხრივ, თავად იკვლიეს არსებული მდგომარეობა. სტატიაში ნათქვამია, რომ ის კომპანიები, რომლებიც არჩევნების დროს ხელისუფლებისა თუ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გულუხვი შემოწირულობებით გამოირჩეოდნენ, მარტივად დასაქმდნენ იმ მიმართულებით, რომელიც კორონავირუსმა გააჩინა, კერძოდ საკარანტინო ზონები, პირბადეების თუ სხვა აღჭურვილობის წარმოება.
Bellingcat საუბრობს იმაზე, რომ ბევრი კომპანია საერთოდ არ არსებობდა და დაარსებიდან მეორე დღესვე მოახერხეს გამარჯვება და ამ საქმეში ჩართვა. ასევე, ზოგიერთი კომპანია საერთოდ არ იყო ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული აქამდე, თუმცა ამ პროცესებში ჩართვა მათაც ადვილად მოახერხეს. იმის გამო რომ შესყიდვები მარტივი სქემით, გაუმჭვირვალედ ხდებოდა, ავტორებს გაუჩნდათ ეჭვი კორუფციასთან დაკავშირებით.
ამ თემას გამოეხმაურა ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ეს სიახლე არაა და მათთვის ეს სქემები კარგადაა ნაცნობი, თუმცა შემაშფოთებელია, რომ მსგავსი ქმედებების მასშტაბმა იმ დონეს მიაღწია, რომ მასზე ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემები საუბრობენ.
"ის რაც არის ასახული ამ სტატიაში არის წარმოუდგენელი ფსკერი სახელმწიფოს განვითარების, როდესაც ყველა ტენდერი, რომელსაც სახელმწიფო ატარებს არის კორუფციული გარიგების შედეგი, როდესაც ასეულობით მილიონობით ლარი ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან იხარჯება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის საკეთილდღეოდ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ამ გზით პარტიულ ყულაბას მოქალაქეების ფულით ავსებს:
"ჩვენს ფულს, ბიუჯეტის ფულს აძლევენ თავის შემომწირველებს და შემდეგ ამ შემომწირველებისგან იღებენ პარტიულ ყულაბაში, აი ასეთი უნამუსო ხელისუფლება გვყავს, რომელიც აუცილებლად უნდა გავისტუმროთ ოქტომბერში,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საკითხს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანის თქმით იმ წარმატების ფონზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ COVID-19-თან ბრძოლაში მიაღწია, მსგავსი გამოხმაურებები ბელეტრისტიკაა:
"მე ის ვიცი, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება და ხალხი არის დღესაც სამაგალითო მსოფლიოში, ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად, ყველამ ერთად ეფექტურად, დავიცავით საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც მკაცრი დისციპლინა, აქედან გამომდინარე ჩემთვის დანარჩენი არის უბრალოდ ბელეტრისტიკა,"- აღნიშნა თეა წულუკიანმა.