17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
დამკვირვებლები 2020-ის არჩევნებზე - როგორ შემოვლენ მონიტორები 40 ქვეყნიდან მხოლოდ 5 ქვეყანასთან ღია საზღვრის მქონე საქართველოში

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის მოწვევა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე მიიღეს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია როგორ ჩამოვლენ უცხოელი მონიტორები ქვეყანაში. ტრადიციულად ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობით საქართველოში არჩევნებს ეუთო აკვირდება.

როგორ შემოვლენ დელეგაციის წევრები თითქმის 40 ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელსაც ღია საზღვარი მხოლოდ 5 ქვეყანასთან აქვს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტული გეგმა უახლოეს მომავალში შეიმუშაოს.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ უცხოელი მონიტორების ადგილზე მუშაობა არჩევნების სრულფასოვანი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია. არასამთავრობოები ამბობენ, რომ სწორედ საერთაშორისო მისიების რეკომენდაციებს იყენებს ქვეყანა საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად.

მისიის შესრულების გრაფიკთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტზეა ODIHR​-ი. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა მიწვევა მთავრობის მხრიდან უკვე მიიღო. პანდემიამ უკვე შეიტანა ცვლილებები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გეგმებში. NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაცია ქვეყანაში ივლისში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ეს აქტივობა ონლაინ რეჟიმში გადავიდა. ახლა საქართველოს ოფისი სექტემბერში დამკვირვებელთა ჯგუფს ელოდება, რომელსაც არჩევნების დღეს მაღალი დონის დელეგაციაც დაემატება.

2020 წლის არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალურ დასწრებას ელოდებიან ოპოზიციურ პარტიებში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ უცხოელი მონიტორების მუშაობაა არჩევნების გაყალბების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ ქვეყანაში საერთაშორისო მონიტორები ვერ ჩამოვლენ, მაშინ დღის წესრიგში არჩევნების გადატანა უნდა დადგეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანაში დაბრკოლების გარეშე შემოვლენ. ხელისუფლება ახლა სპეციალურ პროტოკოლზე მუშაობს.

რამდენი უცხოელი მონიტორი დააკვირდება წლევანდელ არჩევნებს, ჯერ უცნობია. ბოლო საპარლამენტო არჩევნებს 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 მონიტორი დააკვირდა. 

დღის ამბები