საერთაშორისო გამომძიებელთა ონლაინპლატფორმა საქართველოს მთავრობასა და მისი პარტნიორ კომპანიებს შორის პანდემიისას გაფორმებული ხელშეკრულებით ინტერესდება და ეჭვებს გამოთქვამს კორუფციულ გარიგებებზე. დოკუმენტებში, რომლებიც ავტორებმა საჯარო რეესტრიდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდებიდან მოიშველიეს, საეჭვო კავშირებზეა საუბარი, კერძოდ - სასტუროებში საკარანტინო ზონების მოწყობაში, თუ კოვიდ-აღჭურვილობის დამზადებაში დასაქმებული კომპანიების ნაწილი, ან ერთი დღის შექმნილები იყვნენ, ან სულაც - სხვა პროფილზე მუშაობდნენ, თუმცა ამას ორგანიზაციებისა და მთავრობის თანამშრომლობისთვის ხელი არ შეუშლია.
ამავდროულად კომპანიების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნებას" წირავდნენ ფულს. Bellingcat-ის კვლევის ავტორებმა თეონა ჯოლოხავამ და ანა კორიაკინამ დასკვნა ქართულ არასამთავრობოებზე დაყრდნობით მოამზადეს.
პანდემიისას ტენდერების წამოწყება დროში წამგებიანი ნაბიჯი იყო, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ გამარტივებული შესყიდვების გზა არჩია, ეს კი მკვლევარებისთვის ეჭვების საფუძვლად იქცა. თუმცა ეკონომიკის მინისტრი სწორედ გამარტივებულ შესყიდვებს ასახელებს იმის მთავარ მექანიზმად, რომ ქვეყანამ დრო მოიგო და ვირუსის გავრცელება სწრაფად შეაჩერა. ნათია თურნავა განმარტავს,რომ კომპანიები პოლიტიკური მრწამსით არავის შეურჩევია.
კვლევას პოლიტიკური გამოხმაურებებიც მოჰყვა, ოპოზიცია ელის,რომ ამ საგამოძიებო მასალით პარტნიორებიც დაინტერესდებიან, უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან,რომ ოპოზიცია პანდემიის დროს ხელისუფლების წარმატებებს ებრძვის.
საერთაშორისო გამოცემის მიერ მომზადებულ მასალას გამოეხმაურა დღეს ვიცე-პრემიერიც. თეა წულუკიანი კორუფციული ბრალდებების სიღრმეებში არ შესულა, აღნიშნა,რომ კოვიდთან ბრძოლისთვის სწრაფი და ეფექტური მოქმედებები იყო საჭირო, რაც ხელისუფლებას გამოუვიდა.
საერთაშორისო პლატფორმა Bellingcat მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პროფილის გამოძიებებს წლებია აწარმოებს. საქართველომ ამჯერად მისი ყურადღება პანდემიით მიიპყრო, მასალაში 10-მდე კომპანიასთან გაფორმებულ მილიონობით ლარის ოდენობით შესყიდვებზეა საუბარი.