"ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა"- ასე გამოეხმაურა ოპოზიციური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც სააკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს.
მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.
”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საზოგადოება ახლა მხოლოდ ერთი რამისთვის არის მზად და ეს არის მრავალპარტიული ცვლილება.
"სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ძალიან ბევრს არ უნდა ივანიშვილი, მაგრამ ასევე ძალიან ბევრს არ უნდა მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა." საქართველოს მოსახლეობა არის მზად მხოლოდამხოლოდ მრავალპარტიული ცვლილებისთვის. საზოგადოების განწყობა არის არც ბიძინა ივანიშვილი არც სააკაშვილი,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს სამომავლო გეგმები საზოგადოებას გაანდოს.
"მე განცხადებებს არ ვაფასებ ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი სხვა პარტიას წარმოადგენს და მას სრული უფლება აქვს საკუთარი გეგმები საზოგადოებას გააცნოს. ჩვენი ხედვა არის სხვაგვარი, ჩვენ გვსურს, რომ მომდევნო ხელისუფლება იყოს მრავალფეროვნება. შავ-თეთრი არ არის პოლიტიკური სურათი და ორპოლუსიანი. "ევროპული საქართველო" მხარს უჭერს გიორგი ვაშაძეს,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობამ სისხლი დაღვარა, მისი თქმით, მომავალ ბრძოლაში საჭიროა ერთობა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალების მეშვეობით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა" ის ძალა, რომელსაც უმრავლესობის მოპოვება დამოუკიდებლად შეუძლია ოპოზიციაში.