გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს. საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ წარსულით კი არ უნდა იცხოვრონ, არამედ მომავალზე და ერთიან ფრონტზე უნდა იფიქრონ.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იმყოფებიან ნათელ მხარეს და იმ "ბნელ მხარეს, რომელიც დამსხვრეული ოცნებების პარტიამ საქართველოში შემოიტანა", აუცილებლად დაამარცხებს.
"მილიონზე მეტი ადამიანი მშიერია და ყოველდღიურად იბრძვის, რომ ელემენტარული ლუკმა-პური მოიპოვოს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ გვაქვს უფლება დაუსაბუთებლად ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ.
ერთი კვირის წინ ჩვენ დავაფუძნეთ "სტრატეგია აღმაშენებელი" და დავიწყეთ კამპანია მიზნით, რომ დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და დავამარცხოთ სიღარიბე ქვეყანაში. დიახ ვაპირებ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი მიზნისთვის, რომ აღარც ერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმა-პურის ძიება.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული სტრატეგია, რაც ჩვენ წარვადგინეთ არის აღმშენებლობის სტრატეგია, რომელიც ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანს. 3,000 სამუშაო ადგილის შექმნა, ტექნოპარკებით, სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის განვითარებით, სესხებზე პროცენტის განახევრება, პენსიონრებისთვის პროცენტის ჩამოწერა დეკემბერშივე, ბიზნესისთვის ხელშეწყობა და მილიონამდე დღგ-ს გადასახადის გაუქმება, წამლების გაიაფება 30%-ით და რაც მთავარია - სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება. სწორედ აქ ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანები, ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში პირდაპირ მინდა ვთქვა.
მე მოვისმინე, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მინდა მივმართო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ერთიანობაზე, ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
ვფიქრობ 8 წლიანმა გამოცდილებამ ჩვენ ძალიან კონკრეტულად დაგვანახა, რომ ერთპარტიულ ინტერესებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ხალხის ინტერესს აქვს მნიშვნელობა, სად არის ხალხი და ჩვენი მორალური კომპასიც ეს არის, რომ ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც დამსხვრეული ოცნებების პარტიამ საქართველოში შემოიტანა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი საუბრობს თანამშრომლობის აუცილებლობაზე ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, საჭიროა კოალიცია არა პარტიებთან, არამედ საზოგადოებასთან.