პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ამომრჩეველს სჭირდება მრავალფეროვნება, სადაც არ იქნება ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბარი.
ოთარ კახიძე საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ მეორე ტურზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარი ბრძოლა მეორე ტურში დაიწყება.
"ევროპულ საქართველოს" გვქონდა ჩვენი მოდელი. ორი ტიპის შეთავაზება იყო: ერთი, სადაც მონაწილეობდნენ ის პარტიები, რომლებიც თბილისის შეთანხმებაში იყო, ხოლო მეორე სადაც იყო "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმება. ამ ვარიანტის თანახმად ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" ვთავაზობდით, რომ მათ კანდიდატი ყოლოდათ 22-დან 18 რეგიონალურ ოლქში. აქედან 8 ოლქში ჩვენ მათ მხარდაჭერას გამოვუცხადებდით და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, მაღალი იყო შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულებულიყო ამ ოლქებში ოპოზიციის გამარჯვება.
სანაცვლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაეჭირა მხარი "ევროპული საქართველოსთვის" ხონში - კაკო ბობოხიძისთვის; თერჯოლაში - გიგი წერეთლისთვის; ხულოში - ტარიელ ნაკაიძისთვის და ფოთში ან მარტვილში გიგი უგულავასთვის. იმის მიხედვით, როგორ მოვილაპარაკებდით. ეს იყო ჩვენთვის პრაგმატულად დამაზიანებელი, მაგრამ ივანიშვილის დამარცხების მიზნიდან გამომდინარე, რომ პირველივე ტურში გარკვეულიყო ვითარება, ეს კარგი იქნებოდა. თუმცა მათი დამარცხება ისედაც გარდაუვალია.
მთავარი ბრძოლა გაიმართება მეორე ტურებში, ეს არის ასე.
ბოლო კვლევა რომ ავიღოთ, რომელიც Edison Research-მა ჩაატარა. 16% არის "ნაციონალურ მოძრაობის" და 16%-ზე მეტი აქვს ჯამურად დანარჩენ ოპოზიციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლქები ამ პროპორციებით უნდა გადანაწილდეს, რადგან ყველაზე მეტი ეკუთვნის იმას, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს. მაგრამ ვისაც აქვს ნაკლები, იმასაც უნდა შეხვდეს ოლქი, რადგან მოლაპარაკება იყო ასეთი.
ოლქების გადანაწილების შემდეგ უნდა ყოფილიყო მრავალფეროვნება. ჩვენი საარჩევნო მოდელი არ არის ორპოლუსიანი. ივანიშვილს და სააკაშვილსაც სურთ, რომ წარმოაჩინონ ორპოლუსიანობა და შუა გაკრიფონ, მაგრამ ეს ესე არ არის. სინამდვილეში არის მრავალფეროვნება.
ჩვენ ცალ-ცალკე პარტიები ვართ და ვართ კოორდინაციაში, მეორე ტურში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და ვიქნებით ისევ კოორდინაციაში," - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა "ერთპიროვნული" და "ერთპარტიული", მისი თქმით, საქართველოს მომავალს გუნდი ასე არ უყურებს.
როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს შეცდომები სწორედ ერთპიროვნული მართვით იყო განპირობებული.